თეგი: მამუკა ხაზარაძე

სალომე სამადაშვილი პარტიას - „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას -„ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. “პოლიტსაბჭომ დაამტკიცა ჩვენი ახალი წევრის, სალომე სამადაშვილი შემოერთება პარტია “ლელოში”. ასევე ჩემი წარდგინებით, სალომე სამადაშვილი დანიშნული იქნა პარტიის პოლიტიკურ მდივნად, რაც დაამტკიცა პოლიტსაბჭომ. მინდა მადლობა გადავუხადო სალომეს. მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გაძლიერებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და იმაზე, როგორ გადავლახოთ სირთულეები და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 2020 წელს, სალომე სამადაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად, ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ აირჩიეს. 2021 წელს სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და უპარტიო წევრად ფრაქციას, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეუერთდა. სალომე სამადაშვილი 2005 – 2013 წლებში იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები

ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურანალისტებთან განცხადა. "დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა: ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ. იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ქმედებები, გადაწყვეტილებები და კონკრეტული მონაწილეობა აქვთ მიღებული.  თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული, პასუხები ექნებათ გასაცემი სწორედ მათ", - ამბობს თალაკვაძე.  შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: როდესაც ხალხს კითხვები უჩნდება საქმეების შედეგების სანდოობაზე, ეს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მუშაობს

უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის საქმე რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გაჩნდა ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ქართველ ხალხს უჩნდება კითხვები საქმეების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთელი საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია მუშაობს საქართველოსთან ერთად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს. მაგრამ ამის მსგავსი საქმეები, რომელიც წარმოშობს კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს მხოლოდ კანონის მიმართ ნდობას უთხრის ძირს“, - განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გასულ წელს აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები შეჩერდა. 2020 წლის იანვარში დამძიმდა ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარკვეული პერიოდით ის უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ამასთან პროცესების შეჩერება დაემთხვა 2020 წლის ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებას.  

სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი აბსურდი დაადასტურაა - ხაზარაძე

"ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი აბსურდი დაადასტურაა. სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა „ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. კითხეთ ნებისმიერ იურისტის, ან პირველი კურსის სტუდენტს - ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამ არსად წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები", - განაცხადა ხაზარაძემ. სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ  

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ინფორმაციას ადასტურებს და როგორც აცხადებს, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა. ადვოკატის თქმით, ისინი მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ამზადებენ. „უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის მიერ წარმოებაში მიღებიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 15 სექტემბერს, მიღებული იქნა განჩინება აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვეცნობა და გადმოგვეგზავნა განჩინების ასლები. ჩვენთვის გასაკვირია, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს საქმე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა. თუმცა, იქ ბევრი ფაქტორი იყო, რაც საჩივრებში მითითებული გვქონდა. ეს იყო თუნდაც, ამნისტირებულ მუხლთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანა, კვალიფიკაციის დაუსაბუთებლად შეცვლა, რომ არაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განხილვაზე, თქვა, რომ ეს საქმე წარმოების გარეშე იქნას დატოვებული. აღნიშნულით საქართველოში სამართალწარმოება ამოიწურა. ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ვფიქრობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის საკითხს, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ,“ - განაცხადა წერეთელმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას "ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და  ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.  

მამუკა ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიულად პარტნიორები ვიქნებით

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან თანამშრომლომაზე ისაუბრა. შესაბამისი განცხადება მან „ტვპირველის“ ეთერში გააკეთა. „არანაირი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკა მელიას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, პოლიტიკაში ვართ ორივე. ერთ რამეს გიდასტურებთ, მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. როგორ იქნება, ამას, პირველ რიგში, ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა გვაქვს, ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და სათავეში მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ხომ არ არის შანსი მელიასთან გაერთიანების, ასევე არსებობს ინფორმაცია, დიდი ცენტრი შექმნასთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძემ ამ შეკითხვისაც უპასუხა. „არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პარტიას. ვეძებ იმ ადამიანებს, რომელთა მიზანი, ბიოგრაფია, წარსული ემთხვევა ჩვენს მიზანს, დეენემს. არასდროს ვყოფილვარ ხელოვნური გაერთიანების მომხრე, ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. გაერთიანებასთან დაკავშირებით ადამიანები რატომ გულისხმობთ, რომ აუცილებლად ერთი პარტია უნდა იყოს. შეიძლება, ცალ-ცალკე პარტია იყოს და თავიდანვე შევთანხმდეთ, რატომ მოვდივართ. მელია თუ დააფუძნებს თავის პარტიას, ჩვენ ჩვენი პარტია გვაქვს და ჩვენს პარტიას ვავითარებთ,“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში  

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

24 იანვარს „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განმარტა, რომ  ხაზარაძე მოითხოვს, კალაძეს დაევალოს საკუთარი განცხადების საჯაროდ უარყოფა. „ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ხალხს აუბედურებდა და ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება," - განმარტა კორძაძემ. კახა კალაძე 17 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პარტია „ლელოსა“ და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე. კალაძემ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან." 2023 წლის 11 ოქტომბერს ხაზარაძემ ამავე მიზეზით სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ. „წინა სარჩელზე, რომელიც ეხებოდა ირაკლი კობახიძეს, კანონის ყოველგვარი დარღვევით, საერთოდ წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ. უპრეცედენტო რამ თქვა: თუ ადამიანი დეპუტატია, შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოსო. მას არანაირი პასუხი არ მოეთხოვება, მათ შორის არა მარტო შეხედულებებზე, არამედ ცრუ ფაქტების გავრცელებაზე,“ - განმარტა ზვიად კორძაძემ. იმ შემთხვევაში, თუ კალაძის მიმართ შეტანილ სარჩელსაც ანალოგიური ბედი ეწევა, მამუკა ხაზარაძის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.  

ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე: სტრასბურგმა ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაციას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. „სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის,“ წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ საქმის წარმოება წლების წინ დაიწყო. 2018 წლის აგვისტოში გამოძიება 10 წლით ადრე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) კვალიფიკაციით. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეაზე - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. „ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც ლაპარაკი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა. ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი, წარმოებაში არ მიიღო.   იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.